Friday, September 10, 2010

პატარა ტრილოგია აბსურდზე

ნაწილი 1

შურისძიება


- აი, ეს არის იდილია, - ზმორებით გაიფიქრა ძუ მგელმა და გადახედა ქმარს, ხვად მგელს და პატარა ლეკვს, მამის ტანს რომ მიკვროდა.
ორივენი მშვიდად და ნებიერად თვლემდნენ.
” – მართლაც ყველაზე თავისუფალი არსება ვარ მთელ დედამიწის ზურგზე. არა, ყველაზე ძლიერი ნამდვილად არ ვარ. ამის მიუხედავად არც ერთი ცხოველი არ მემტერება. ჩემი ერთადერთი გასაჭირი შიმშილია, ისიც ზამთარში. ძლიერი ვარ და რასაც მინდა იმას ვაკეთებ. თან დაუნდობელიც ვარ.”
ეს აზრი ძუ მგელს ძალიან მოეწონა. თავისუფლება არსებობისთვის ბრძოლას ნიშნავს, ბრძოლა კი ყოველთვის დაუნდობელია. მგელს, ისევე როგორც ყველა თავისუფალ არსებას, სული თავისი დაუნდობლობით ედგა. თვითგადარჩენის ინსტიქტმა იმდენად მოუსპო მიტევების უნარი, რომ პატარა დანაშაულისთვისაც კი ნებისმიერის ნაკუწებად დაგლეჯა შეეძლო. ევოლუციამ მასში უემოციო, სასტიკი, ველური, სისხლის მსმელი არსება აღზარდა, რომელიც თავისი ინსტინქტის ძახილს ემორჩილებოდა და მოსიყვარულე მხოლოდ თავისი ოჯახისთვის იყო.
თუმცა ახლა მაძღარი, მშვიდი და ბედნიერი, ნეტარებდა და ქმარ-შვილის ცქერით ტკბებოდა.
” – ბევრს რატომღაც არ ვუყვარვარ, მაგალითად ადამიანებს. არადა, რას მერჩიან? რადგან საქონელს ვიპარავ? არაფერი მესმის. რომ არ მოვიპარო ან არ ვინადირო ხომ შიმშილით ამომხდება სული. ეს ადამიანები გამაგიჟებენ. ყოველ დღე ახალ-ახალ მახეებს იგონებენ და იმას ვერ ხვდებიან, რომ თითოეულ ლუკმას საკუთარი სისხლის და ნერვების ფასად ვშოულობ. ისე, იცოცხლე, ადამიანებმა ერთმანეთის გატანა იციან. ამასწინათ, ერთ ჩემს მეგობარ მგელს მთელი სოფელი გამოუდგა. სამი დღე სდიეს. საწყალმა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა, მაგრამ მაინც მოკლეს.
ისე სიკვდილის არის და სიკვდილიც. ის მოკვდა, როგორც თავისუფალი არსება! მოკვდა და მგლად დარჩა! სანამ მოკვდებოდა უკიდეგანო სივრცეს თვალი ერთხელაც მოავლო. თავისი ძუც ბოლომდე უყვარდა და მთელი ბოღმა, სასოწარკვეთა თუ სიბრაზე უკანასკნელ ყმუილს ამოაყოლა.
და მერე ზოგიერთი სულიერი არსება მშვიდობაზე და მიტევებაზე დამიწყებს საუბარს. მშვიდობა?!.. მიტევება?!.. მე მძულს ეს სსიტყვები. ბრძოლა! ნადირობა! თუ სასიკვდილო ვარ, მოვკვდე! თუ ჩემი ხვადია სასიკვდილო, მოკვდეს! ოღონდ ბრძოლით მოკვდეს, მე კი დავიტირებ. ისე ვიყმუვლებ, როგორც ყველაზე თავისუფალი არსება ყმუის ხოლმე მარტოობისგან, თვალები ცრემლით მექნება სავსე, სამაგიეროდ, ღირსება შემრჩება. ჰო… ღირსება და მარტოობა. ოჯახი? ისინიც ხომ მგლები არიან, ისინიც ჩემსავით ფიქრობენ.
ამ ფიქრებში ძუ მგელმა ჩათვლიმა. საოცარი სანახავი იყო ეს ოჯახი, ერთმანეთში გადახლართულებს ასე ტკბილად რომ ეძინათ…
უეცრად ხვადმა ტვალი გაახილა, თავი ასწია და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. თითქოს რაღაც საფრთხე იგრძნოო, ბალანი აეშალა, ტუჩები აწია, ბასრი ეშვები გააშიშვლა და ჩუმად დაიღრინა.
ამ ხმაზე ძუს და ლეკვსაც გაეღვიძათ. ნადირის ინსტინქტმა უკარნახა, რომ აქვე ახლოს, უბოროტესი მტერი, ადამიანი, ჩასაფრებულიყო. ხვადი წამოდგა, მიწაში თათები ღრმად ჩაასო და თავდაცვისათვის მოემზადა. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ტყუილად. ცოტა ხანში იმ ადგილზე, სადაც ზუსტად ხუთი წუთის წინ იდილია სუფევდა, ადამიანები გამოჩნდნენ. წინ კი ძაღლები მოუძღოდნენ.
რა საოცარია, არა? ცხოვრებაშიც ხომ ასეა. სუფევს იდილია და უცებ სხვა ადამიანები ჩნდებიან…
- გავიქცე თუ თავს დავესხა? – გაიფიქრა ხვადმა და არავინ იცის რამდენხანს გასტანდა ეს ფიქრი ძუს მზერას რომ არ წაწყდომოდა. ზუსტად ერთი წამი დაჭირდა ხვადს გადაწყვეტილების მისაღებად. ნელა გააღო ნადირის სისხლისგან ჯერ კიდევ სველი ხახა და ერთი ნახტომით ყველაზე ახლო მდგომ ძაღლს კისერში ეცა. ძუმ კი დრო იხელთა, ლეკვს პირი მოკიდა და გაიქცა.
ამასობაში ხვადმა ძაღლს კისერში ეშვები ჩაარჭო და მაგრად მოუჭირა. ატამდე დანა ფერდებში ტარამდე ერჭობოდა, ჯოხები ტანს ულურჯებდნენ, სამკაპები კი მის სხეულს საცერს ამსგავსებდნენ, პირის გაღება კი აზრად არ მოსვლია. მხოლოდ მაშინ, როცა თავისი გამყიდველი მოძმის სიკვდილი იგრძნო, ბრძოლის ველზე დაცემული მტერი ერთი მკვეთრი მოძრაობით მოიშორა და დაბინდული მზერა მისთვის ყველაზე საძულველ არსებებს მოავლო.
მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ კვდებოდა, რომ სისხლისგან იცლებოდა და მიწაზე სამკაპით მილურსმულიყო.
სამი რამ იგრძნო მგელმა: სიმშვიდე ოჯახის გამო, გამარჯვების სიხარული და სხეულს მოდებული ფოლადის სიცივე. ენეგადმოგდებულმა და დუჟმორეულმა წყნარად დახუჭა თვალები და ჩუმად, ლამაზად მოკვდა.
ამასობაში ძუ მგელს ათამდე ძაღლი დაედევნა.
გაავებულებმა უთანასწორო ბრძოლაში ჩაითრიეს და უმოწყალოდ დაგლიჯეს. თან დასცინოდნენ. იქამდე ათრიეს აქეთ-იქით, სანამ ღონემიხდილი და გრძნობადაკარგული ხის ძირში არ დაეცა…
… – გადავრჩი, - ეს იყო პირველი, რაც ძუმ გონზე მოსვლის შემდეგ გაიფიქრა. მიმოიხედა, ლეკვი არსად ჩანდა. ნეტავ როგორ გადავრჩიო, ეს კითხვა შემდეგ კიდევ დიდხანს ტანჯავდა. კარგა ხანს იცოცა, სანამ ხვადის უსიცოცხლო სხეულს მიაგნებდა და როდესაც საყვარელი არსება მიწაზე სამკაპით მილურსმული დაინახა არ შეშინებია, უბრალოდ იგრძნო, რომ გულში საშინელმა ტკივილმა გაუარა. “მიწას სისხლის შეწოვის საოცარი უნარი აქვს”, გაიფიქრა მგელმა, ამოიგმინა, ქმარს მიუახლოვდა და ჯერ კიდევ თბილ კისერზე თავისი დრუნჩი დაადო.
დაადო და წყნარად აყმუვლდა.
- ძაღლებო, - მოთქვამდა მგელი, - ოდესღაც მოძმეებო, თავისუფლება პურის ერთ დამპალ ნაჭერში რომ გასცვალეთ, იცოდეთ მაინც როგორ უნდა ღირსეული სიკვდილი! თქვენ ახლა ზეიმობთ, მე კი ვგლოვობ, მაგრამ მაინც ძლიერი ვარ. თქვენ შეგიძლიათ გაჭირვების დროს იტიროთ, მე კი უდიდესი სულიერი ტანჯვის დროსაც მხნედ უნდა ვიყო და ვიქნები კიდეც. მე ხომ შური მაქვს საძიებელი.
ის ახლა მკვდარი წევს, სამაგიეროდ მაშინაც იომა, როცა ბრძოლა უაზრო იყო. ჩუმად დაიტანჯა და უხმოდ მოკვდა.
ეს არის ჩვენი ხვედრი.
ეს თქვენ გაჭმევენ, ჩვენ ხომ ხარკს ვუხდით თავისუფლებას!
და ამის შემდეგ, მე ნადირს მეძახიან, თქვენ კი საყვარელ არსებებს.
სასაცილოა!
დაე, იცოდეთ! მე ცოცხალი ვარ და ყველაფერი ახლა იწყევა, რადგან არ არსებობს მგელი, რომელიც ვინმეს სისხლს შეარჩენს. სისხლი, სისხლის წილ! აუუუუ!
და ისეთი სიყვარულით მოუთათუნა ხვადს დრუნჩი, როგორც არასდროს და არავის მოუთათუნებია.
შემდეგ თავი ასწია და იქვე შორიახლო მომავალი ორი პატარა ბავშვი დაინახა.
ორი-სამი წლისანი იქნებოდნენ. პატარა ტიტველ ფეხებს ტოტებით მოფენილ მიწაზე ფრთხილად ადგამდნენ, ხელი ხელს ჩაეკიდათ და ერთმანეთს უღიმოდნენ.
თუმცა ეტყობოდათ, რომ შიოდათ…
ძუ მგელმა ერთი გაიფიქრა ნაკუწებად დავგლეჯო, ბალანი აეშალა, ხახაც კი დააღო, მაგრამ უცებ თავში ვერაგმა აზრმა გაუელვა…
… ბავშვებს წყნარად მიუახლოვდა, მიწაზე წამოწვა და ძუძუ მოაწოვა…
ამ ორ ბავშვს სახელად რომული და რემი ერქვა. მოგვიანებით მათ რომი დაარსეს. მგლისძუძუნაწოვმა ერთმა ძმამ მეორეს სისხლი დაღვარა, კაცობრიობა კი იმ დღიდან მგლური კანონებით ცხოვრობს.



ნაწილი 2.

რატომ თენდება…


…რატომ თენდება…
საწოლიდან ინვალიდის ეტლში გადმოძრომა, დღეს კიდევ უფრო გამიჭირდა.. შემდეგ ვისაუზმე და უცებ ლუკმა ყელში გამეჩხირა. კინაღამ დავიხრჩვე. ექიმმა მითხრა კუნთების ატროფია გეწყებაო. თურმე ყოველ წუთს შეიძლება უარი მითხრან, ანუ ყოველი ლუკმა პოტენციურად დამღუპველია. მაწონს თუ კაცის მოკვლა შეეძლო ნამდვილად არ მეგონა. არადა, მოკვლა კარგად ვიცი, დამიჯერეთ.
“სწრაფი რეაგირების ბატალიონი” გვერქვა, რაზმში სამოცდათორმეტი მებრძოლი ვიყავით.
უშიშრებსა და თავდადებულებს, პროფესიული მომზადება გვაკლდა, მაგრამ სროლა ყველამ კარგად ვიცოდით. არც რისკის გვეშინოდა. ისე სხვა რა უნდა გვცოდნოდა, ჩვენ ხომ ქუჩაში გავიზარდეთ.თან ომის დროს.ხან სამოქალქო ომი იყო,ხან სამამულო და ხან რევოლუცია.ისე,რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა, თუკი ამას ადამიანები ეწირებიან. ბავშვობიდან ვჩხუბობდით, ვიპარავდით, ვისროდით და ათასგვარ სისაძაგლეს ჩავდიოდით. მე რაზმის მეთაური ვიყავი, ჩემი ძმა კი სნაიპერი. ჩასაფრებული, მტერს რომ დაინახავდა, თვალები ჯერ გაუბრწყინდებოდა, შემდეგ კი მოსალოდნელი სიამოვნების სიხარულით უბინდდებოდა. ისე მოკვდა, მისი აცილებული ტყვია არავის ახსოვს. მე მთელი ომი გავიარე. უამრავი საშინელება ვნახე, მაგრამ ჩემი ძმის სიკვდილს ვერაფერს შევადარებ. როგორი სანახავია: ბრძოლის ველზე სულთმობრძავი წევს, ყველაფერს გრძნობს, განძრევის თავი არა აქვს და ჯერ ისევ ცოცხალს, ღორი სახეს უჭამს. შენ კი თხრილში ხარ და ისეც კი ვერ წამოწეულხარ ან ერთს ესროლო ან მეორეს. ღორის მოკვლა, როგორც იქნა მოვახერხე, თუმცა ამით ძმას ვერ ვუშველე. ის მანამადე გარდაიცვალა. დღესაც არ ვიცი მისი საფლავი სად არის. ნეშტი მტერმა წაათრია. სიამოვნებით ვიტყოდი წაასვენა-მეთქი, მაგრამ სწორედაც რომ წაათრია და არა წაასვენა. თან ისე მიათრევდნენ, ნამდვილად ცოცხალი ეგონათ. ძლივს დამაკავეს, რომ წინა ხაზზე არ გავვარდნილიყავი. ამ დროს ღორის პატრონი მოვიდა და ზარალის ანაზღაურება მომთხოვა. ჰოდა, ჩემი ავტომატის კონდახზე მორიგი ჯვარი ამოვტვიფრე. ეს ერთადერთი ჯვარია, რომელიც ქართველის გამო გაჩნდა.
ჰო, ასე იყო. როგორც კი ვინმეს მოვკლავდი, იარაღის კონდახზე ჯვარს ვტვიფრავდი და ეს იმდენ ხანს გაგრძელდა, სანამ მთელი კონდახი ჯვრებით არ დაიფარა. მაშინ სხვა გზა მოვნახე. მოკლულ მტერს ყურს ვაჭრიდი და ძუაზე, როგორც მძივს ისე ვაგებდი. ალბათ ფიქრობთ, გვამთა გროვაში თავის მოკლულს როგორ ცნობდაო. ვცნობდი. უფრო მეტიც, ყოველი მათაგანის უკანასკნელი გამოხედვა მახსოვს. მტრის განადგურება, ჩემთვის მხოლოდ მათი რაოდენობის შემცირება არასოდეს ყოფილა. მე პიროვნებებზე ვნადირობდი და მათი სულებით ჩემში არსებულ მხეცს ვკვებავდი.
საიდან გაჩნდა ჩემში ეს მხეცი, დღესაც არ ვიცი, მაგრამ მხეცს შიოდა. თუ არ ვაჭმევდი, მე გამომჭამდა, ეს კი ყველა წამებაზე უარესია. მახსოვს, ერთი ტყვე მხოლოდ იმიტომ მოვკალი, რომ ვიგრძენი - ვიღაც აუცილებლად უნდა მომეკლა. მხეცმა საკვები მიიღო, მე - სიმშვიდე. ასეა. ერთს თუ მოკლავ მერე ვეღარ მოზომავ. მერე ნადირობას ან სპორტულ ჟინს უფრო ემსგავსება…
სამოცდათორმეტნი ვიყავით. ომის ბოლოს სამნი დავრჩით. ახლა არც ერთი არ არის ცოცხალი. სამოცდარვა თანამებრძოლი ჩემი ხელით დავმარხე. ძმა დამრჩა დაუმარხავი,, მტერმა წაათრია. სამოცდარვა ისეთი ადამიანი, ერთად რომ ვჭამდით, ვსვამდით, და ერთ იდეას ვაკლავდით თავს, მიწამ მიიბარა.
სამოცდარვა ძმასავით შეზრდილი მეომარი, სამოცდარვა მონათესავე სული. რომლისთვის ვილოცო, არ ვიცი……
ანდა ვინ ვიგლოვო; ისინი, ძმა თუ საკუთარი თავი. ინვალიდის ეტლში ვზივარ. ნახევრად მოხრილი ვეღარ ვიმართები. ეტლით ცოცხლად მგორავი სიმახინჯის განსახიერება ვარ და აღარც ჩემს ცხოვრებას აქვს აზრი და მიზანი. ძალიანაც რომ მოვინდომო, თავის მოკვლასაც კი ვერ მოვახერხებ. მარცხენა ხელი არ მიმუშავებს, მარჯვენაში კი ძალა მხოლოდ საჭმლის ასაღებად და სიგარეტის მოსაწევად მყოფნის. სიცოცხლე მოსჯილი მაქვს.ბიბლია მახსენდება.ეპიზოდი,სადაც გმერთI მოსეს ეუბნება,რომ აღქმულ მიწას ვერცერთი 20 წელს გადაცილებული ადამიანი ვერ იხილავს.ღმერთი როგორც ყოველთვის მართალია.ჩემი თაობა,რომალსაც ამდენი სისხლა აქვს ნანახი, ქვეყანას ვერ ააშენებს და არც უნდა ააშენოს.სამაგიეროდ ჩვენზე გადაიარა….რას ერჩი. ესეც ფუნქციაა. ფუნქცია რომელიც არაფერში არ მჭირდება…
აი ესღა ვარ…
დღეს ოცდაშვიდი სექტემბერია. ვზივარ და გული ბოღმითაც კი არ მევსება, ჩემი, როგორც ვეტერანის პენსია თექვსმეტი ლარია. გასართობადაც სიგარეტის მეტი არაფერი დამრჩენია. საკუთარი თავი მძულს.
და ხანდახან, როდსაც ვბედავ საკუთარ თავთან საუბარს სულ ვეკითხები “რატომ”
და ვერასდროს პასუხს ვერ ვცემ….
მაშ რატომ თენდება..



text error

7 comments:

  1. mwerali aSkarad kargad wers, ratom aris aseTi cota nawarmoebi, sxva araperi dagiweria?

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete
  3. nu absurdizmi cxadad chans...

    ReplyDelete
  4. როგორი ჩემი ხარ შე ოხერო:)

    ReplyDelete